Pages

Monday, November 4, 2013

მე, მასწავლებელი...

  ბავშვობაში ვგრძნობდი ჩემში ენობრივ–ლინგვისტური ინტელექტის არსებობას, ძალიან მიყვარდა უცხო ენები: რუსული, გერმანული. ჩემთვის ენების შესწავლა ერთგვარი სიამოვნება იყო. ძალიან მწყდება გული, რომ მეტ ენას ვერ დავეუფლე, იმდროინდელი ვითარება არ ავითარებდა ამგვარ მოთხოვნილებებს, ინგლისურ ენას პირველად 36 წლის ასაკში ჩავუკვირდი და მივხვდი, თუ რა დრო დავკარგე...
  უცხოური ენების ფაკულტეტის სრული კურსი თბილისის უნივერსიტეტ „გეორგიაში „ გავიარე წარჩინებით. სასიამოვნო მოგონებად რჩება ჩემთვის ქ–ნ ცისანა გოგლიჩიძესთან, ნაზიბროლა ღამბაშიძესთან და სხვა პროფესორ–მასწავლებლებთან ურთიერთობა. ჩემ პროფესორს რომ ვუთხარი, ხობში სკოლაში ვიწყებ მუშაობას მეთქი, თავი გააქნია, მაშინ ვერ მივხვდი, ეს რას ნიშნავდა. აი, სკოლაში მისვლის პირველი დღიდანვე კი მივხვდი, რომ ეს არ იყო იოლი საქმე და რომ ეს სისტემა რეორგანიზაციას მოითხოვდა, ასე ვფიქრობ დღესაც. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სისტემაში გატარდა რეფორმები, მიმდინარეობს პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდები, რაც ასევე აუცილებლად მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, მაგრამ პრობლემა მხოლოდ მასწავლებლების პროფესიონალიზმში არ არის, პრობლემა არის უფრო ღრმა, ეს ეხება მოსწავლეების ცნობიერებასაც, რომელიც საჭიროებს განვითარებას, ეს ეხება ფინანსებს, დაწყებით კლასებს... ამ პრობლემების გამო დასაწყისში მეგონა, რომ სკოლაში ვერ ვიმუშავებდი . საქმე იმაშია, რომ მე ვიყავი და ვარ შედეგზე ორიენტირებული მაქსიმალისტი, სამწუხაროდ რეალობა არ იძლევა ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სამი წელი ვიმუშავე აქტიურად ხობის პირველ სკოლაში, მერე გავთხოვდი და ძალიან გამიჭირდა ზუგდიდში საჯარო სკოლაში შეღწევა, თითქმის ათი წელი ვიყავი ასე, ამ პერიოდში ვიმუშავე კოლეჯებში, მაგრამ აქტიური მუშაობისათვის ვგრძნობდი, რომ სკოლაში უნდა მემუშავა, იძულებული ვიყავი დავთანხმებულიყავი სოფელში მუშაობას. ასე აღმოვჩნდი ყულიშკარის სკოლაში. ეს პერიოდი არის სასიამოვნო ფურცელი ჩემ ცხოვრებაში. მუშაობა მომიწია ბრწყინვალე კოლექტივთან . ამ სკოლაში მუშაობის პერიოდში გავხდი სერთიფიცირებული და როგორც სერთიფიცირებული მასწავლებელი კონკურსით მოვხვდი ზუგდიდის მე–3 საჯარო სკოლაში.
  მაქვს ამბიცია ვიყო წარმატებული მასწავლებელი, მაგრამ ამისთვის აუცილებელი პირობაა წლების მუშაობა ერთ სკოლაში, რისი უკმარისობაც მაქვს მე, რადგან მომიხდა სკოლების  გამოცვლა. იმედია დავფუძნდები მე–3 სკოლაში და მოვახდენ ჩემ სრულ რეალიზაციას.
                                                                                                                10. 2012წელი